ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩაფრინდა ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვერტმფრენით საკუთარ რეზიდენციასთან.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ვიდეოში ისმის როგორ სთხოვს ლუკაშენკო მფრინავს მიუახლოვდეს "გამარჯვებულთა გამზირს", სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს და ამბობს: "ვირთხები გაიფანტნენ".
მათივე ცნობით, ცოტა ხანში ვიდეოში სავარაუდოდ, ლუკაშენკოს შვილის ხმა ისმის, რომელიც ინტერესდება, სად არიან აქციის მონაწილეები.
ასევე Belta-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადმოდის ლუკაშენკო ვერტმფრენიდან იარაღით ხელში. აღსანიშნავია, რომ მას ჯავშანჟილეტიც აცვია.
მოგვიანებით Nexta-მ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ლუკაშენკოს შვილი ჩანს. ჯავშანჟილეტი მასაც აცვია და მაგიდაზე იარაღი უდევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მინსკის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.